აგროკავკაზი

გვინდა გაგიზიაროთ სასარგებლო რჩევები მესათბურე ფერმერებისთვის. 

შემოდგომა მნიშვნელოვანი პერიოდია იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც მოსავალი მოყავთ დახურულ გრუნტზე. იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხის ჯანსაღი მოსავალი, მნიშვნელოვანია ბევრი დეტალის გათვალისწინება:

  1. უმჯობესია გაიწეროს სამოქმედო გეგმა:
  • რისი წარმოება გვინდა?
  • რა რაოდენობით უნდა ვაწარმოოთ?
  • სამიზნე ბაზარი (სად უნდა გავყიდოთ)?
  • ხარჯის დათვლა
  1. წარმოების დაწყებამდე უნდა მოხდეს კონსტრუქციის დათვალიერება, ხარვეზების აღმოჩენა და შეკეთება, ასევე სარწყავი და სხვა სისტემების შემოწმება და გატესტვა.
  2. მოსავალზე ზრუნვა იწყება შერჩეული სათესლე მასალის დათესვისთანავე. მნიშვნელოვანია სათესლე მასალა იყოს მაღალი ხარისხის, სანდო კომპანიიდან შეძენილი. 

მოერიდეთ შინაურულად აღებული სათესლე მასალის შეძენას, რადგან:

  • არ ვიცით რას ვყიდულობთ;
  • თესლი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი, დაუმუშავებელი;
  • ასევე აღებული სათესლე მასალა წინა წელს შეიძლება დამტვეროს მონათესავე მცენარემ (მაგ: ტკბილ წიწაკასთან ერთად თუ მოვიყვანთ ცხარე წიწაკას ალბათობა იმის, რომ მეორე წელს გემოვნური თვისებები დაკარგოს, არის ძალიან დიდი)
  • სერთიფიცირებული სათესლე მასალა ბევრ რისკებს ამცირებს;
  1. ნიადაგის დამუშავება- ფუმიგაცია (სათბური მოითხოვს კარგად დაცულ და ორგანიზებულ სანიტარულ ნორმებს) 
  • გავითვალისწინოთ წინა წელს არსებული მავნებელ-დაავადებები და შესაბამისი პესტიციდებით დავამუშაოთ ნიადაგი;
  • ნიადაგის მოხვნა – კულტივაცია უნდა მოხდეს სამიზნე კულტურის მოთხოვნის შესაბამისად;
  • მავნებლების საწინააღმდეგო ბადის გამოყენება;
  • შესასვლელი კაბინის და დეზობარიერის მოწყობა, რაც თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა მწერების და სოკოების სათბურში გავრცელებას;
  • ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ სათბურის მიმდებარე ტერიტორიას. დაუშვებელია კონსტრუქციის სიახლოვეს ბალახის, ძველი ტოტების, ბუჩქების და სხვა ნარჩენების არსებობა. ეს საშუალებას მისცემს მავნებლებს და სოკოებს გადაინაცვლონ სათბურში.
  1. ხარისხიანი ჩითილის გამოყვანა
  •  უმჯობესია ჩითილი გამოიყვანოს სპეციალურმა საჩითილე მეურნეობამ, საიდანაც თქვენ გარანტირებულად მიიღებთ ხარისხიან ჩითილს და ზუსტად იმ რაოდენობას, რასაც თქვენ შეუკვეთავთ. ეს აგვარიდებს იმ რისკებს და ზედმეტ ხარჯს, რასაც მოითხოვს კუსტარულად მოწყობილი საჩითილე მეურნეობა, სადაც გვიწევს 20% და 30%-ზე მეტი სათესლე მასალის დათესვა. დასტრესილი, არაჯანსაღი ჩითილი ყოველთვის ნაკლებ პროდუქტიულია, ხოლო გამძლეობა დაავადებებზე დაქვეითებული, ეს კი მოსავლიანობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
  1.  გადარგვა
  • ჩითილის გადარგვა უმჯობესია მოხდეს დილით ან საღამოს,  სტაბილურ ამინდში.
  • გადარგვამდე ჩითილი უნდა მოვათავსოთ 1 ან 2 დღით სათბურში, სადაც უნდა მოხდეს გადარგვა, რათა ჩითილი შეეგუოს გარემოს და მოხდეს გამოწრთობა. ჩითილს ვრგავთ წინასწარ მომზადებულ კვალში (უმჯობესია ბაზო კვალი იყოს მომზადებული).
  • გადარგვის შემდეგ აუცილებელია მცენარის მორწყვა. პირველი კვირა ჩითილისთვის საკმაოდ რთულია და ამ დროს გვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ეს შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, მორწყვას, განიავებას და ტენიანობის დაცვას. დაუშვებელია გადარგვის დროს ჭარბი წყლის მიცემა. მცენარე უნდა მოირწყას მცირე ულუფებით 3-4 ჯერ დღეში, რათა არ მოხდეს მთლიანი ჟანგბადის გამოდევნა და ფესვის ნეკროზი.
  • ასევე სათბურში ბოსტნეულის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია კულტურათა მონაცვლეობა, ხარისხიანი პესტიციდები და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის კარგი კონსულტაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

დამატებითი ინფორმაციისთვის ამ და სხვა თემებზე, იხილეთ აგროკომპანია ბარაქას იუთუბის არხი - https://www.youtube.com/@baraka.georgia2230