კლიმატის ცვლილება აღარ არის მომავლის სცენარი – ის უკვე სახეზეა და, სხვა ფაქტორებთან ერთად, საგრძნობლად ცვლის სოფლის მეურნეობის ტრადიციულ წესებსაც. საქართველოში, სადაც მიწათმოქმედება არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ათასწლოვანი კულტურის ნაწილია, ამ ცვლილებების გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია. გვალვები, სეტყვა, წვიმების უჩვეულო ინტენსივობა, გვიანი ყინვები – ეს ყველაფერი ფერმერებისთვის არა მარტო სეზონური სირთულეებია, არამედ არსებითი გამოწვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ სასოფლო-სამეურნეო სისტემას.
ბოლო ათწლეულის მონაცემების თანახმად: საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში 1°C-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო საქართველოში, განსაკუთრებით კახეთსა და შიდა ქართლში, ზაფხულის სიცხეები უფრო ხანგრძლივი და მკვეთრი გახდა. ამას თან სეტყვის უფრო ხშირი ეპიზოდები ემატება, რაც მარცვლეულისა და ხილის კულტურებისთვის განსაკუთრებით საშიშია. მაგალითად, 2022 წელს სამცხე-ჯავახეთში სეტყვამ ვაზის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. 2021 წელს გვიანმა ყინვამ კახეთის ვენახების დიდი ნაწილი დააზიანა, რამაც ზოგი მევენახის ყურძნის მოსავალი 50%-ით შეამცირა.
კლიმატური კატაკლიზმები, ზოგადად, სოფლის მეურნეობის ყველა კულტურაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას, თუმცა შედეგი განსხვავებულია. მგრძნობიარე კულტურებს შორის პირველ ადგილზეა ყურძენი, რომლის ხარისხი და რაოდენობა დამოკიდებულია ამინდის სტაბილურობაზე. სეტყვა კი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ფაქტორია – ის არა მხოლოდ ფოთლებსა და ყურძნის მარცვალს ანადგურებს, არამედ მომდევნო წლების მოსავალსაც აფერხებს.
საფრთხე მხოლოდ ამინდის ექსტრემალური პირობებით არ სრულდება. თბილი და ნოტიო ზამთრები იდეალურ პირობებს ქმნიან მავნებლებისთვის. წარსულში ცივი ზამთრები ბუნებრივ ბარიერად მოქმედებდა მავნე ორგანიზმებისთვის. დღეს კი, როდესაც ზამთრის საშუალო ტემპერატურა მატულობს, მრავალი მავნებელი მწერი და სოკვანი დაავადება უფრო ადვილად უძლებს სიცივეს.
ნოტიო და თბილი ზამთარი იდეალური პირობებს ქმნის სოკოსოვანი დაავადებების განვითარებისთვის. ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea), რომელიც ძირითადად ვაზის, ხეხილის და ბოსტნეულის კულტურებს ემუქრება, უკვე უფრო ხშირად და ინტენსიურად ვლინდება. ეს დაავადება არა მხოლოდ მოსავალს ამცირებს, არამედ მის ხარისხსაც აუარესებს, რაც ფერმერებისთვის დამატებით ეკონომიკურ ზარალს ნიშნავს.
ფიტოფტორა, კიდევ ერთი საშიში სოკოვანი დაავადება, რომელიც კარტოფილს, პომიდორსა და სხვა ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებს ემუქრება, ასევე უფრო აქტიური გახდა. თბილი ზამთარი მას საშუალებას აძლევს, რომ ადრე დაიწყოს გამრავლება და მოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.
კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობისთვის არა მხოლოდ ამინდის ექსტრემების, არამედ “უხილავი მტრების” – მავნებელთა და დაავადებათა გაძლიერებულ გავლენას ნიშნავს. მათთან შესაბამისი სტრატეგიების გარეშე ბრძოლა შეუძლებელი იქნება, რაც კიდევ უფრო ამახვილებს ადაპტაციისა და ინოვაციების აუცილებლობას.
რასაკვირველია, სოფლის მეურნეობისთვის იმედი არ არის დაკარგული. მეცნიერები და პროგრესული ფერმერები უკვე ეძებენ გამოსავალს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კლიმატგამძლე ჯიშების, ჰიბრიდების, დანერგვა. გარდა ამისა, სეტყვისგან დასაცავად ზოგიერთი მევენახე სპეციალური ბადეების გამოყენებას მიმართავს, რაც მოსავლის დაზიანებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ფერმერებისთვის გამოსავალი ტექნოლოგებმაც შექმნეს. ამინდის პროგნოზირების აპლიკაციები, დრონების მეშვეობით მინდვრების მონიტორინგი და ნიადაგის ტენიანობის სენსორები საშუალებას აძლევს მიწათმოქმედებს იმოქმედონ პრობლემის გაჩენამდე.
ჯამში, კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ ის ასევე შესაძლებლობაა ინოვაციებისა და მდგრადი მიდგომების დანერგვისთვის. სოფლის მეურნეობის ადაპტაციისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეიძლება არა მხოლოდ ადგილობრივი ეკონომიკის სტაბილურობის გარანტი, არამედ სამაგალითოც გახდეს რეგიონში.
აგროკომპანია “ბარაქასა” და “ტვ პირველის” ერთობლივი ინიციატივით, უკვე თვეზე მეტია მაყურებელს მიეწოდება სასარგებლო ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სიახლეების, მოვლენების, ტექნოლოგიებისა და საჭირო პროდუქციის შესახებ. ამ ჯერზე, ბარაქას აგრონომები ლიკა ბალარჯიშვილი და დავით ზარიძე, წამყვანებთან, ნინო არაზაშვილთან და ონისე ონიანთან ერთად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რისკებზე საუბრობენ.
მეტი ინფორმაციისთვის:
ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge
იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230
ან დარეკეთ: 032 22 04 44 49