პესტიციდები, ჰერბიციდები, მინერალური სასუქები და მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებები – თანამედროვე სოფლის მეურნეობის განუყოფელი ნაწილია. მათი სწორად გამოყენება ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას, მავნებლებისა და სარეველების კონტროლს, ნიადაგის გამდიდრებას. თუმცა, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, კვლავ ხშირია აგროქიმიკატების არასწორი ან დაუდევარი გამოყენება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე გარემოსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. აგროსფეროში ხშირია ასევე უსაფთხოების ნორმების უგულებელყოფა ან დარღვევაც.  

ფერმერები, ხშირად, არ იყენებენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს – მაგალითად, რესპირატორებს, ხელთათმანებსა და დამცავ ტანსაცმელს. არადა, აგროქიმიკატებთან უშუალო შეხება შეიძლება მძიმე შედეგებით დასრულდეს: მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაციით, კანის დაავადებებით, რესპირატორული გართულებებით და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით. საგულისხმოა ასევე საკვები ჯაჭვის დაბინძურება: დოზის ან მოხმარების ვადების დარღვევა იწვევს ქიმიკატების ნარჩენების დაგროვებას მოსავალში, რაც საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა ჯანმრთელობას. საშუალებები ხშირად ინახება არასწორ პირობებში – ნესტიან, ღია ან ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში. ასეთი პრაქტიკა ზრდის როგორც ჯანმრთელობის რისკს, ისე ქიმიური ნივთიერებების ეფექტიანობის დაკარგვის ალბათობას. პრობლემაა ასევე შინაური ცხოველების წვდომა არასწორად დასაწყობებულ პესტიციდებთან თუ სასუქებთან.

სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება და მოვლა ურთულესი პროცესია, რომელიც მოითხოვს ცოდნას, დაკვირვებას და სწორ აგრონომიულ მიდგომებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მცენარეთა დაცვის პრეპარატების დროული გამოყენებაა, რაც განსაზღვრავს მცენარეთა ჯანმრთელობას, მოსავლიანობას და პროდუქტების ხარისხს. მაგალითად, თუ მცენარის ზრდის ადრეულ ეტაპზე პესტიციდები არ იქნა გამოყენებული, ბუგრები და სხვა მწერები სწრაფად ანადგურებენ ნორჩ ნაყოფს და ფოთოლს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მცენარის შესაძლებლობას შეინარჩუნოს ფოტოსინთეზის პროცესი. ცალკე პრობლემაა, სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა ჭრაქი და ნაცარი. ისინი სწრაფად ვრცელდება მაღალი ტენიანობის პირობებში. მათი დროული კონტროლი აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გადაცემა სხვა მცენარეებზე. აგრო ქიმიკატების გამოყენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებაშიც. მინერალური სასუქების დროული გამოყენება მცენარეთა ზრდის კრიტიკულ ეტაპზე უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების სწორად განაწილებას. თუ სასუქები არ გამოიყენება ოპტიმალურ დროს, მცენარე შეიძლება განიცდიდეს კვების დეფიციტს, რაც იწვევს ზრდის შეფერხებას და ნაყოფიერების შემცირებას.

რა იწვევს შეცდომებს? მრავალი ფერმერი ვერ ან არ იღებს ზუსტ ინფორმაციას, თუ როდის და რა დოზით უნდა გამოიყენოს კონკრეტული აგროქიმიკატი. ამის შედეგად, შესაძლოა, პროდუქტი დარჩეს ქიმიკატებით დაბინძურებული მოსავლის აღებისას ან, პირიქით, ვერ მივიღოთ სასურველი შედეგი. ძალიან ხშირია, მეტ წილად წვრილ ფერმერებში და მოსახლეობაში, ზედმეტი დოზით შეტანა. მცდარად, მიაჩნიათ, რომ თუ ბევრ ქიმიკატს გამოიყენებენ, უფრო კარგ შედეგს და მეტ მოსავალს მიიღებენ. ასე არაა და ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ფერმერების დიდი ნაწილი არ იღებს სისტემატურ ცნობებს აგროქიმიკატების სწორ გამოყენებაზე. არ არსებობს საკმარისი ინიციატივა, რომელიც ფერმერებს განუწყვეტლივ მიაწვდიდა პრაქტიკულ და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ ცოდნას.

გამოსავალი ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის მეტ გავრცელებაშია. სწორედ ამ მიზნით სტუმრობდნენ აგროკომპანია “ბარაქას” კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მერი პაპუნაშვილი და “ბარაქას” აგრონომი, ზაზა ბარბაქაძე “ტვ პირველზე” გადაცემას “პირველამდე”. 

მეტი ინფორმაციისთვის:

ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge 

იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი – https://www.youtube.com/@baraka.georgia2230

ან დარეკეთ: 032 22 04 44 49