აფლატოქსინი

რა არის ტოქსინი აფლატოქსინი, რომელ კულტურებში გვხვდება და როგორ ვებრძოლოთ მას?

აფლატოქსინი ასპერგილუსის ჯგუფის სოკოების მიერ ბუნებრივად წარმოქმნილი, ყველაზე ძლიერი ტოქსინია მსოფლიოში. მისი რამდენიმე სახე არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო B1 ტიპის აფლატოქსინია, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში წარმოიქმნას. ყველაზე ხშირად კი ისეთ კულტურებში გვხვდება, როგორიცაა: თხილი, კაკალი, ფისტა, ნუში, სიმინდი და ბამბა.

აფლატოქსინის წარმოქმნა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ესენია: ტემპერატურა, სუბსტრატი, ნიადაგის არეს რეაქცია, ტენიანობა, გვალვა, მწერის დაზიანება. მაგალითად, ტოქსინი კაკლოვან და მარცვლეულ კულტურებში არასწორი დასაწყობების გამო შეიძლება წარმოიქმნას, რადგან „ჩახურებისას“ იზრდება სოკოების მასობრივად გავრცელების საშიშროება.

აფლატოქსინი თხილის კულტურაში

მაგალითისთვის, თხილის ნაყოფში აფლატოქსინის შეიძლება გავრცელდეს:

  1. გვალვიან პირობებში მოსავლის აღების დროს ნიადაგიდან, რადგან ასპერგილუსის ჯგუფის სოკოები ნიადაგშიც არსებობს. ნაყოფის ჩამოცვენის შემდეგ თუ დიდი ხნის განმავლობაში მოსავალი ვერ ავიღეთ, შესაძლებელია, რომ ნიადაგიდან წარმოქმნილი ტოქსინი ნაყოფზე გადავიდეს.
  2. ქარხანაში არასწორი გადამუშავებისას – როდესაც არ ხდება ნაყოფის ბოლომდე გამოშრობა. რეკომენდებულია თხილი გამოშრეს დაახლოებით 5.5-6 % ტენიანობამდე.
  3. საწყობში, სადაც არ არის შენახვის სათანადო პირობები დაცული, მაგალითად: ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერაცია და სხვა. ამ დროს  არსებობს „ჩახურების“ და ასპერგილუსის ჯგუფის სოკოების წარმოქმნის საშიშროება.

რეკომენდებულია, რომ თხილის მოსავალი ტექნიკურ სიმწიფეში ავიღოთ, რადგან ამ დროს ნაყოფი გარკვეულ დონემდე გამომშრალია და ქარხანაში გამოშრობისას, ან დასაწყობებისას დაბალია მისი ჩახურების რისკები, რაც თავიდან აგვარიდებს საწყობში იმ ობის სოკოების გავრცელებას, რომლებიც აფლატოქსინს გამოყოფს.

აფლატოქსინი სიმინდის კულტურაში

სიმინდში აფლატოქსინების გავრცელება ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც მცენარე სხვადასხვა მიზეზის გამო სტრესში იმყოფება. ეს შეიძლება იყოს სიცხე, მწერისგან მიყენებული დაზიანება და სხვა. სიმინდის კულტურაში ასპერიგუსის ჯგუფის სოკო აფლატოქსინის წარმოების გარდა პათოგენის გამომწვევი სოკოცაა. ეს დაავადება კი მარტივად შეინიშნება ტაროზე და გამოიხატება როგორც ღია ნაცრისფერი ნადები, ობი.

ჯორჯიას უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით სოკოს განვითარებისათვის საჭირო პირობები შემდეგნაირად გამოიყურება :

ფაქტორიოპტიმალურიშეუძლია განვითარება
ტემპერატურა33℃28-44℃
ჰაიერის ტენიანობა82%62-99%
მარცვლის ტენიანობა18%13-20%

იმისათვის რომ სიმინდში თავიდან ავირიდოთ აფლატოქსინის მწარმოებელი სოკოს განვითარება აუცილებელია:

  1. სარეველების კონტროლი; (ქიმიური მეთოდით – ჰერბიციდების გამოყენება. მექანიკური მეთოდით – გათიბვა)
  2. ვეგეტაციის განმავლობაში მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკების შეფასება;
  3. კომბაინის რეგულირება ისე, რომ არ დავაზიანოთ ნაყოფი;
  4. მოსავლის აღება ტაროს არაუმეტეს 14-15% ტენიანობაზე;
  5. დროული  და ხარისხიანი გამოშრობა;
  6. დაავადებული და დაზიანებული ტაროების საწყობიდან გატანა და განადგურება;
  7. საწყობში უნდა ვაკონტროლოთ აერაცია, ტენიანობა და ტემპერატურა.

ზოგადი რეკომენდაციები აფლატოქსინის წარმოქმნის არდებისთვის

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქტებში აფლატოქსინების განვითარება, აუცილებელია მცენარის ვეგეტაციის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ იგი მოვარიდოთ სტრესს. ეს მხოლოდ ისეთი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებით მიიღწევა, როგორიცაა:

  • ჯანსაღი და სერტიფიცირებული სათესლე მასალისა და ნერგების გამოყენება;
  • ნაკვეთის მაქსიმალური გასუფთავება სარეველებისგან; (ქიმიური მეთოდით- ჰერბიციდების გამოყენება. მექანიკური მეთოდით – გათიბვა)
  • ფართობზე მთელი წლის განმავლობაში უნდა ვაკონტროლოთ სხვადასხვა დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკები;
  • მოსავლის აღება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ნაყოფი სათანადოდაა გამომშრალი;
  • გადამამუშავებელი/საშრობი ქარხნების სერტიფიცირების კონტროლი;
  • გამოშრობისას ან დასაწყობების პირობებში გამოირჩეს მავნებელისგან დაზიანებული მცენარეები/ნაყოფები;
  • გრილ და მშრალ, წვიმისაგან და მავნებლებისაგან დაცულ ადგილას დასაწყობება.

აფლატოქსინის ჭარბი შემცველობის გამო, 2021 წელს ექსპორტირებული თხილის დიდი ნაწილი უკან, საქართველოში დაბრუნდა.

2020 წელთან შედარებით, 2021 წელს საქართველოში თხილის ექსპორტის 25.8%-იანი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და ჩვენმა ქვეყანამ 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში მერვე პოზიცია დაიკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტოპ 10 უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიის იმპორტირებული თხილი იტალიამ უკან, საქართველოში დააბრუნა.

მიზეზად ქართულ თხილში აფლატოქსინის ჭარბი შემცველობა დაფიქსირდა. შესაბამისად, ხარისხის კუთხით, სტანდარტები ვერ დაკმაყოფილდა და მოსავლის 80% კვლავ გასაყიდი დარჩა.

2021 წელი გამოწვევებით სავსე გამოდგა ზოგადად ბაზრისა და სექტორისთვის. დღემდე თხილში აფლატოქსინის ჭარბი რაოდენობა კი რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად, რომელიც ზემოთ მოცემული წესების დაცვის შემთხვევაში ადვილად დაძლევადია.

აფლატოქსინის წარმომქნელი სოკოები: Aspergillus Flavus da Aspergillus Parasiticus.

პროფესიონალი აგრონომების კონსულტაციისა და მეურნეობის სწორი მენეჯმენტისთვის დაუკავშირდით 0322044449 | WWW.BARAKA.GE